მადრიდის რეალში ჟოზე მოუირინიოს გადასვლისთანავე მედიაში დაიძრა ხმები ამათუიმ ფეხბურთელის მადრიდულ კლუბში გადასვლაზე. ამჯერად ჭორის დონეზე საუბრებში ინტერელი სამუელ ეტო'ო მოყვა. ესპანური AS-ის ჟურნალისტმა რეალში დაბრუნების შესახებ კამერუნელს შეკითხვა დაუსვა და შემდეგი პასუხი მიიღო: "რეალი? ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ და მერე ვნახოთ...". შეიძლება ბევრისათვის ეტო'ოს პასუხი გასაკვირი აღმოჩნდეს. გულშემატკივარს მოეხსენება, რომ მაშინ თინეიჯერი კამერუნელი ესპანეთში სწორედ რომ რეალმა ჩაიყვანა. 1997 წელს კი მალიორკაში არენდის წესით გაუშვა, მალევე კი ამავე მალიორკაში სრული ტრანსფერით გადავიდა. ეტო'ო ფაქტიურად ყველა შეხვედრაში ცდილობდა რეალისთვის გოლი გაეტანა და ეს ხშირ შემთხვევაში გამოსდიოდა. კუნძულელებთან გატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ სამუელი ბარსაში აღმოჩნდა, სადაც შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. შარშან მოთამაშე მილანის ინტერში გადავიდა და პირველსავე სეზონში სამი ტიტული მოიგო. ეტო'ოს უკმაყოფილება რეალიდან მისი გაყიდვის გამო ამ პერიოდის მანძილზე არ იმალებოდა. ბარსაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისადმი გამართულ ზეიმზე კამერუნელმა მიკროფონით შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც კი მოიხსენია მადრიდელები, რისთვისაც შემდეგ ბოდიშის მოხდა მოუწია.