ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დღეს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური.
გომელაურს გუშინ საღამოს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ფონდ `იავნანას` ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ღონისძიების ორგანიზატორებმა 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლები სწორედ გომელაურის სახელით გადასცეს.
ნიკო გომელაური ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული.
მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 1970 წელს დაიბადა თბილისში. 1992 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1998 წლიდან ის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობი იყო. გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლდათ.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული, 2002 წელს - მეორე, 2003 წელს - აუდიოწიგნი, 2004 წელს - მესამე, ხოლო 2008 წელს 4 კრებული გამოუშვა.