ესპანური Marca-ს თანახმად ამჟამად მადრიდის რეალის ხელმძღვანელობის ყურადღება ფოკუსირებულია სტივენ ჯერარდის გადაბირებაზე. თუ ესპანელ ჟურნალისტებს ვენდობით მხარეები ძალზედ ახლოს არიან შეთანხმებასთან. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო სტივენის თამაშის მოყვარულია და ჯერ კიდევ ჩელსის მწვრთნელობისას მის გადაბირებას ცდილობდა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბენიტესის ლივერპულში დარჩენის შემთხვევაში დიდი შანსია ჯერარდმა გუნდი დატოვოს, რამდენათაც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამას ემატება ლივერპულის ფინანსური პრობლემებიც. რაფას შეგირდები ბოლო სეზონში პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილას გავიდნენ და ცნობილია, რომ ბენიტესმა ლივერპულში დარჩენის სანაცვლოდ თანხები მოითხოვა ახალი მოთამაშეების შესაძენად. თუ პერესის ვარსკვლავთმოყვარეობასა და მოურინიოს სტივენისადმი სიმპატიებს გავითვალისწინებთ, სტივენის რეალში გადასვლა სავსებით რეალურად გამოიყურება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ უყვარს 30 წლის მოთამაშეებთან მუშაობა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტი შეეცდება კარიერის დასასრულისაკენ მიმავალ ფეხბურთელს საფეხბურთო მოღვაწეობა მაჟორულ ნოტაზე დაამთავრებინოს და ფეხბურთელისათვის ხანდაზმულ ასაკში ახალი და ლამაზი გვერდი შეაქმნევინოს. ამის თვალსაჩინო მაგალითად ზინედინ ზიდანის რეალში ტრანსფერი შეიძლება მოვიყვანოთ. 29-30 წლის ასაკში ზიდანმა მადრიდის რეალში კარიერის ახალი გვერდის შექმნა მოახერხა.