2010 წლის ევროვიზიის კონკურსში ევროპის თინეიჯერთა კერპმა, გერმანელმა ლენამ სხვა კონკურსანტებს შანსი არ დაუტოვა. მისი გამარჯვება ძალიან დამაჯერბელი იყო. გერმანელმა გოგონამ, რომელსაც სიმღერა ბევრად უფრო კარგად ეხერხება, ვიდრე ჟურნალისტებთან საუბარი, მეორეადგილოსან თურქეთის წარმომადგენელს 76 ქულით გაუსწრო (246 ქულა 170-ის წინააღმდეგ). სხვათა შორის, ლენა სსრკ-ში გფრ-ის ყოფილი ელჩის შვილიშვილია. მას უმაღლესი ქულა ფინეთმა, ესტონეთმა, დანიამ, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და შვედეთმა მიანიჭეს. საერთო ჯამში, ეს გერმანიის მეორე გამარჯვებაა ევროვიზიის კონკურსში. პირველი - 1982 წელს იყო...
ქართველი კონკურსანტი სოფო ნიჟარაძე 136 ქულით მეცხრე ადგილს დასჯერდა. საქართველოს წარმომადგენელს მაქსიმალური ქულა ორმა ქვეყანამ - ლიტვამ და სასომხეთმა მიანიჭეს (უღრმესი მადლობა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს).
კონკურსს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ ყველაზე მეტად ესპანელი დანიელ დიგესი დაზარალდა. მისი ნომერი, ფაქტობრივად, მისმა თანამემამულემ ჩაშალა, რომელიც სცენაზე გამოსულ ჯგუფს შუა სიმღერაში შეუერთდა და კარგა ხანს ცეკვავდა გაოგნებული მომღერლის გვერდით, სანამ დაცვამ არ იყოჩაღა და ცეკვა-თამაშით სცენიდან არ ჩამოიყვანა. როგორც გაირკვა, ეს გახლდათ კატალონიელი ”პროფესიონალი ჩამშლელი” ჯიმი ჯამპი, რომელიც ხშირად ჩნდება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე და სხვადასხვა ილეთებით იქცევს ხოლმე ხალხის ყურადღებას. სხვათა შორის, ორგანიზატორებმა ინამუსეს და სცენაზე უცხო პირის აშვებისთვის თავი დაისაჯეს. ესპანელს სიმღერის თავიდან შესრულების უფლება მისცეს, მაგრამ ეს საბოლოო შედეგზე მაინცდამაინც სასიკეთოდ არ ასახულა.
ევროვიზიის და მისი შედეგების გაანალიზება შეუძლებელია. როგორც მაყურებელი შეამჩნევდა, ქულების დაწერა იმდენად სიმღერისა და შემსრულებლის ავკარგობის კი არა, სხვადასხვა ქვეყანაში მეზობელი ქვეყნისადმი დამოკიდებულების მიხედვით ხდებოდა. სერბები ბოსნიელებს ქომაგობდნენ, ბოსნიელები - ხორვატებს და ასე შემდეგ... ისრაელისა და სომხეთის ძლიერმა დიასპორებმაც საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთეს, თუმცა სომხებმა ბევრად უფრო შედეგიანად იღვაწეს... ეს არც იყო გასაკვირი. ჩვენი აზრით, უფრო საკვირველი საქართველოს მიერ ბელორუსისთვის 12 ქულის დაწერა იყო, რამაც სლავები უკანასკნელი ადგილიდან ბოლოდან მეორე ადგილზე გადაიყვანა...
ევროვიზია 2010-ის შედეგები ასე გამოიყურება:
1. გერმანია - 246 ქულა
2. თურქეთი - 170
3. რუმინეთი - 162
4. დანია - 149
5. აზებაიჯანი - 145
6. ბელგია - 143
7. სასომხეთი - 141
8. საბერძნეთი - 140
9. საქართველო - 13610. უკრაინა - 108
11. რუსეთი - 90
12. საფრანგეთი - 82
13. სერბეთი - 72
14. ისრაელი - 71
15. ესპანეთი - 68
16. ალბანეთი - 62
17. ბოსნია ჰერცოგოვინა - 51
18. პორტუგალია - 43
19. ისლანდია - 41
20. ნორვეგია - 35
21. კვიპროსი - 27
22. მოლდოვა - 27
23. ირლანდია - 25
24. ბელორუსია - 18
25. დიდი ბრიტანეთი - 10