Daily Mail-ის თანახმად მადრიდის რეალმა და ლონდონის ჩელსიმ შესაძლოა მოთამაშეები გაცვალონ. მოგეხსენებათ, რომ ჟოზე მოურინიოს ფრენკ ლემპარდისა და ეშლი კოულის ხილვა სურს რეალში, მადრიდელები კი სავარაუდოდ მზად იქნებიან საპირისპირო მიმართულებით კაკასა და იგუაინს შეელიონ. ამავე დროს პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ იგუაინთან ფაქტიურად მიაღწია შეთანხმებას ახალი კონტრაქტის შესახებ და სავარაუდოდ არგენტინელი ბერნაბეუზე დარჩება. რაც შეეხება ლემპარდს, მან 2008 წელს უარი განაცხადა ჟოზესთან ერთად ინტერში გამგზავრებაზე და კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა წყარო იუწყება, რომ ინგლისელს აქვს სურვილი მოსინჯოს ძალები პრემიერლიგის გარეთაც და პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ესპანეთში გამგზავრება კარგ ვარიანტად გამოიყურება. ეშლი კოულმა ინგლისურ კლუბთან შარშან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც ჟურნალისტები წერენ მეუღლესთან სავარაუდო განქორწინებამ შესაძლოა მისი რეალში გადასვლის სტიმულირება მოახდინოს. ამავე დროს ესპანური მედია აცხადებს, რომ მცველის სახელფასო მოთხოვნები (120 000 ფუნტი კვირაში) რეალის ხელმძღვანელებს დიდად არ ხიბლავს. აქვე ცნობილია, რომ მადრიდელები მარცხენა ფლანგზე ინგლისელის ალტერნატიულ ვარიანტად რომის ლაციოს მცველს კოლაროვს განიხილავენ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი მოურინიოს ინტერელი მაიკონის ხილვა სურს, რომელთანაც რეალს მოლაპარაკება დაწყებული აქვს. კაკას შესახებ ბოლო დღეებში იწერება, რომ ბრაზილიელს თავის ყოფილ და ჩელსის ამჟამინდელ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან დაბრუნება სურს. ნახევარმცველმა, რომელმაც პირველი სეზონი რეალში უფერულად გაატარა, ანჩელოტისთან მილანში წლების განმავლობაში ირჯებოდა და თავს საუკეთესოდ გრძნობდა. აქედან გამომდინარე მისი გამგზავრება ინგლისში რეალურად გამოიყურება.