ხუთშაბათი, 18.04.2024, 10:26
G R A Fმთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
ფილმები [165]
ქართული ფილმები [42]
ქართ.დუბლირებული [55]
სერიალები [19]
თამაშები [630]
Counter-Strike [47]
მუსიკა [33]
კლიპები [21]
პროგრამები [81]
სურათები [42]
სპორტი [40]
ვიდეოები [11]
მობილური [47]
რელიგია [18]
მანქანების დრიფტები [12]
(LOVE) სხვადასხვა (LOVE) [57]
პრიკოლი ვიდეოები [18]
ჯარი [87]
ვიდეო გაკვეთილები [18]
შუა ქალაქში [16]
კომედი შოუ [16]
კლიპები ONLINE [24]
GTA [42]
ucoz სკრიპტები [22]
ნიჭიერი [13]
მილოცვები [8]
წიგნები [31]
სხვა და სხვა...
ამბები [10]
uCoz DLE [2]
რეკლამა

რეკლამა

რეკლამა
მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » გიორგი ლეონიძე
19:24
გიორგი ლეონიძე

,,გიორგი ლეონიძის პოეზია იმ ომახიან, მყინვარ სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის დასათრგუნად აბორგებულ ქართველთა მხედრიონს.

ამ სიმღერასმშობელი ერის სიყვარული და მტრის სიძულვილი ასაზრდოებს, ქართული სიტყვის მირონითაა იგი განათლული და ჭეშმარიტი პოეტური შთაგონებით უკვდავყოფილი”, – წერს ბესარიონ ჯორბენაძე.

და მართლაც, მისი ლექსების კითხვისას, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოგიყვანოთ მისმა უნარმა (საოცარი ხატოვანებითა და მძაფრი ემოციით გადმოსცეს სათქმელი) რომლის მეშვეობითაც მისი ლექსები განსაკუთრებული ექსპრესიულობით ხასიათდებიან.

"დასავლეთის ყვავილები გიორგი ლეონიძემ გურამიშვილისა და ბესიკის ტოტებზე, ვაჟასა და ხალხურობის ძირებზე დაამყნო და ახალი ქართული პოეზიის ხის ნაყოფი თავისებური გემოთი და სურნელებით გაავსო," – გრიგოლ აბაშიძის ამ სიტყვებს ჩვენ უბრალოდ დავამატებდით, რომ გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქარველმა უნდა დაიგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვაროს, აიტაცოს.

მოვუსმინოთ, როგორ ახასიათებს გიორგი ლეონიძის შემოქმედებას სარგის ცაიშვილი:

,,მისი პოეტური ხილვები ფერადოვანია და სხვადასხვაგვარ ფერს გამოსცემს…

მისი შედევრები თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი და მკითხველიც ამ პირველქმნილობას განიცდის სიხარულით აღვსილი…

გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ, პოეტურ სურათებად ალაგებს ცალკეულ ნახატებს’’.

გიორგი ლეონიძე უდიდესი პოეტი იყო და ზედმიწევნით კარგად გამოხატავდა სათქმელს, იგი ხან გულს უპობდა მკითხველს თავისი ექსპრესიული ფრაზებით და შვებითა და სასიამოვნო ემოციით ავსებდა. ასეთი პოეტური ფრაზების შესაქმნელად კი გოგლა იყენებდა ტროპის სახებს, როგორიცაა შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება. ქმნიდა ახალ სიტყვებს და ამით კიდევ უფრო საგრძნობს ხდიდა მისეულ სტილს.

ჩვენი მცირე დაკვირვება სწორედ იმას ისახავს მიზნად, ვაჩვენოთ, თუ როგორ ახერხებს მწერალი სათქმელის მკითხველამდე მიტანას; რა სამკაულებს იყენებს ლექსისათვის; რა საშუალებებით აღწევს გამომსახველობის სიმძაფრეს; რით ამახსოვრებს თავს მკითხველს.

რა თქმა უნდა, ეს ამოუწურავი თემაა და გიორგი ლეონიძის შემოქმედება ზღვა მასალას იძლევა ამ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ გავბედავთ და მისი პოეზიის მხოლოდ რამდენიმე წახნაგს შევეხებით.

ა) შედარება

ტროპის სახეებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული შედარება. ამ დროს ორი საგანი ერთმანეთთანაა შედარებული რაიმე ნიშნით. ერთი შეხედვით, ძალიან იოლია შედარების შექმნა, ჩვენ ხომ ყოველდღიურ საუბარშიც ხშირად ვიყენებთ ამ ხერხს, მაგრამ თვითმყოფადი მწერლისათვის აუცილებელია, შედარება, ისევე როგორც სხვა ტროპის სახეები, ორიგინალური და უცხო იყოს და არა სხვათა მიერ უკვე ნათქვამი, ნაპოვნი, შეიძლება ითქვას, გაცვეთილი. ამ მხრივ გიორგი ლეონიძის შემოქმედება, მით უმეტეს პოეზია, მეტად მდიდარ მასალას იძლევა.

გიორგი ლეონიძე შესანიშნავ შედარებებს ქმნიდა და ამით მეტ გამომსახველობას სძენდა ლექსებს. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

„ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი მწოლარი,

ჩასაფრებული, როგორც ფირალი" .

საოცარი შედარებაა – ვეფხვი ელის თავის მსხვერპლს – ყაჩაღივითაა ჩასაფრებული. თითქოს გოგლაც ამ ვეფხვივით იყო ჩასაფრებული, რომ თავისი ექსპრესიული გამონათქვამებით მკითხველის გული განეგმირა.

გიორგი ლეონიძის პოეზიაში მრავლადაა ფრაზები, სადაც რამდენიმე პოეტური სახეა დაჯგუფებული:

„ცისარტყელა ბრიალებდა ვით ხოხობის ყელი" .

,,ვით ხოხობის ყელი’’ – შედარება და მოულოდნელი სიტყვათშეხამება – ,,ცისარტყელა ბრიალებდა’’ – მართლაც მოულოდნელად შეუერთებია ავტორს, რამაც ექსპრესა საგრძნოლბლად გააძლიერა. ფრაზაში ასევე შეინიშნება პოეტური ლიცენციის მაგალითი – უნდა ოყოს ,,ხოხბის’’ და არა – ,,ხოხობის’’, მაგრამ პოეტმა საგანგებოდ დაარღვია გრამატიკული წესი და ლექსის რიტმის შესანარჩუნებლად არ შეკუმშა სიტყვა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ლექსს გამომსახველობას ჰმატებს ის, რომ იგრძნობა, თუ როგორაა პოეტი აღტაცებულია ამ მოვლენით. ეს უშუალობა, გრძნობების თავისუფლად გადმოცემა გიორგი ლეონიძის სტილის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებალია. სწორედ ამ თვისების წყალობითაა, რომ მკითხველს არ უჭირს მის პოეტურ სამყაროში შეღწევა, მისი ემოციების, ფიქრების, გრძნობების გაგება.

გიორგი ლეონიძე, როგორც ჭეშმარიტი პოეტი, იმას წერდა, რასაც ფიქრობდა და თან უამრავი პოეტურია სამკაულით ამკობდა თავის აზრებს, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ.

საინტერესოა შემდეგი მაგალითებიც:

წყნარი იყო მტრედივითა,

თბილი, როგორც კვარი’’.

,,შენი ბრდღვიალა კალმახი,

აცვია თითქოს ჩითები’’.

,,ცხვრის ფარასავიტ რიყე ეყარა’’.

,,ღვინიან ჯამში

ნარგიზივით მთვარე ცავარდა’’.

,,შენი ფშანების ნაჟური

ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი’’.

„თითქოს თავს ოქრო გადამაყარეს,

ვარ თეთრ ვაშლის ქვეშ გაღვიძებული".

ამ ფრაზაში იგრძნობა ავტორის განცვიფრება და სიამოვნება, რაც განთიადმა მოჰგვარა. ეს არაჩვეულებრივი შედარება განთიადის გადმოსაცემად შექმნა ავტორმა და როგორც ვხედავთ, მკითხველსაც მიანიჭა იგივე განცვიფრება, რაც ოდესღაც თავად იგრძნო.

„და გამოჩნდება სამშობლო ჩემი

როგორც მოჭრილი ჩუქურთმა".

სამშობლო ჩუქურთმასაა შედარებული. ამით ავტორმა ძალიან ბევრი რამ გვითხრა. თითქოს ერთი ფრაზებით დაახასიათა საქართველო, გვაგრძნობინა მისი მნიშვნელობაც და უდიდესი კულტურაც. სამშობლოს სილამაზის გამოსახატავად უამრავი შედარება შეუქმნია არაერთ პოეტს, მაგრამ ჩუქურთმასთან შედარებული სამშობლო სულ სხვა ეფექტის მატარებელია. იგი თითქოს სიძველესთნ ასოცირდება და თან ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც ოსტატის მიერ მოჭრილი ჩუქურთმა, ისე სამშობლოც განუმეორებელია.

,,ცას ვარსკვლავი ანათებდა,

ვით კამეჩის თვალი’’.

ნუთუ შესაძლებელია ვარსკვლავის სიდიდის უფრო ეფექტურად დახატვა?

„როგორც ფანდური უზარმაზარი

გოლიათისგან აჟღერებული

მღერის შავი ზღვა მკერდის ზანზარით

აჩქეფებული, აღვირებული."

მართლაც მეტად ექსპრესიული ნათქვამია! ნათქვამს თავისებურ ხიბლს სძენს ეპითეტების მთელი წყება, მაგრამ მთავარი მაინც შედარებაა. სწორედ შედარება აძლიერებს ემოციას.

როცა ამ სტროფს ვკითხულობ, ვფიქრობ, რომ თავად გოგლა ჰგავდა გოლიათს, რომელიც მთელი სიცოცხლე ფანდურს აჟღერებდა და მისი სიმღერა შავი ზღვის მკერდის ზანზარს ჰგავდა, ულევი იყო, აჩქეფებული და აღვირებული, როგორც შავი ზღვა.

„მე გული წმინდა ვერცხლივით

ხალხის წინაშე ვატარე".

ეს შედარება ნათლად გვაგრძნობინებს, რომ გოგლა მუხთალ ბედს არ ურიგდებოდა და გულს ტალახში არასოდეს სვრიდა, არამედ მას წმინდად ინარცუნებდა, შურსა და ბოროტებას იქ არ გააჭაჭანებდა და რაც მთავარია ამ ყველაფრს შესანიშნავად გამოხატავდა სიტყვებით.

გიორგი ლეონიძის პოეზიაში მრავლადაა გულისმომკვლელი და შემძვრელი ფრაზები. ტკივილის გადმოცემას სწორედ შედარების მეშვეობით ახერხებს პოეტი:

„გათქერეს ქართლი

როგორც ტრამალი".

სტრიქონებიდან შემაძრწუნებელი წარსული იმზირება – ქართლი გათქერეს, გადაუარეს, აღგავეს პირისაგან მიწისა. მსგავსი სიმძაფრისაა შედარება:

,,შავი დროშები ნისლივით

სამშობლოს დაეფინება’’.

მეტად მტკივნეული განცდა იღვრება შემდეგი ფრაზიდანაციდანაც:

„ახლაც თავს მადგას შენი აჩრდილი,

თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი".

გოგლას პოეზიაში გამომსახველობითი მუხტით გამოირჩევა სტროფები, რომლებშიც ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე შედარება გვხვდება:

„და სიყვარული არი…

არც არი…

ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,

ხან იფანტება, როგორც ნაცარი,

ხან აყვავდება, როგორც ღიღილო;

ხან ჩამოდნება, როგორც ანჩარი".

სიყვარული ამოუხსნელი რამაა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მრავალ მწერას, ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს უწერია, მაინც რთულია მოკლედ და კონკრეტულად თქვა, რა არის სიყვარული. სწორედ ეს სირთულე, მრავალფეროვნება თუ სიყვარულის უცნაური ბუნებაა გადმოცემული ზემოთმოყვანილ მაგალითში. ავტორს არ ეყო აზრის გამოსახატავად უბრალო შედარება და რთული შედარება შექმნა – ერთი საგანი რამდენიმე რამეს შეადარა.

შედარების მაგალითები იმდენად უხვადაა გიორგი ლეონიძის პოეზიაში, რომ მათ დაძებნაც კი არაა საჭირო, საკმარისია, უბრალოდ, გაიხსენო, რომელიმე ლექსი, რომელიმე სტროფი:

მთვარე შრიალებს ფიჭვივით

დაუსრულებელ ოხვრაში,

ამოდის კოხტა ბიჭივით

ცისკარი ახალ ჩოხაში’’.

,,ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი’’.

,,ისევ აყვავდა გული ვარდივით’’.

,,როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია’’.

,,როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,

ქართლის ხეობებს ასდის ნისლები’’.

,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები’’.

ვფიქრობთ, ეს ფრაზები ყველასთვის ზედმიწევნით კარგადაა ცნობილი და ისინი კომენტარს არ საწიროებენ.

ამრიგად, გიორგი ლეონიძე ხშირად მოუხმობს შედარებებს და მათი საშუალებით აძლიერებს ფრაზის გამომსახველობას. გოგლასეული შექმნილი შედარებები გამოირჩევა სიმძაფრითა და ორიგინალურობით.

ბ) მეტაფორა

მეტაფორა შედარებაზე არანაკლებ ლამაზი და ექსპრესიული ხერხია. ის იმით განსხვავდება შედარებისაგან, რომ მოკლე და სხარტია. გიორგი ლეონიძე ხშირად მიმართავს ამ ხერხს და რაც მთავარია, მეტად ოსტატურად იყენებს. მაგ.:

,,ქარი სტამბოლს მიდიოდა -

ქაჯავეთის ქაჯი’’.

,,უკან მოსდევენ ეჟვნებიანი

მათ ვარსკვლავები – ლურჯი კვიცები’’.

„გახსოვთ ჩემი სიჭაბუკე

ახ, როგორი? – მართლაც ქარი".

აქ მეტაფორა მარტო ექსპრესიას კი არ აძლიერებს, არამედ სიჭაბუკის არსს გამოხატავს, ხოლო პირველ მაგალითზე ასკარად მიგვანისნებს ქარის ბუნებაზე.

,,ცაა ფირუზის თლილი ფიცარი’’.

ცის ფირუზთან შედარება ახალი არ არის, მაგრამ გიორგი ლეონიძე ამ თითქოსდა ნაცნობ პოეტურ სახესაც ახალ ჟღერადობას სძენს – ,,თლილი ფიცარი’’ – ეს სიტყვათშეხამება სრულიად სხვა ეფექით ტვირთავს ნათქვამს და ჩვენ მხოლოდ ცის ფერს კი არა, მის სრიალა, სწორ ზედაპირსაც ვგრძნობთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცა უღრუბლოა.

ეფექტურია შემდეგი მეტაფორებიც:

მთვარე გომბორზე წაიქცა -

რძით გავსებული ტაგანი’’.

„შენ, პოეზიის ნაზო გრიგალო,

შენგან აროდეს მომესვენება".

ეს პოეზიის ნაზი გრიგალი XIX საუკუნის პოეტების მუზა ნინა ჭავჭავაძეა. სწორედ მის სილამაზეს უმღერის გოგლა და არნახული მეტაფორებით ამკობს მშენიერებას ქალისას, რომლის სიკეკლუცესაც საუკუნეებმაც კი ვერაფერი დააკლო. მთელი ლექსი მეთაფორათა ჯაჭვს წარმოადგენს:

,,თუ დაგამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი’’…

,,თავშესაფარი რამდენ ოცნების,

იყავ ბანაკი გაზაფხულისა’’.

გიორგი ლეონიძე, ხშირად ტკივილიან და შემზარავ სურათებს ქმნიდა, მაგრამ, ძირითადად, მისი ლექსები დადებითი ემოციის მატარებელია და ყურადღება გადატანილია სიყვარულის, მეგორბობის, მშვენიერების უკვდავებაზე.

„ბრწყინავს ქართლი – ვარდის ბაღი

შეფრქვეული მინანქარით".

მთავარი კი მაინც ისაა, რომ პოეტი სიხარულისა თუ ტკივილის გადმოსაცემად ოსტატურად იყენებდა ტროპის ერთ-ერთ სახეს – მეტაფორას.

ხშირად პოეტი ვერ კმაყოფილდება ერთი მეტაფორით და ნათქვამის გასამზაფრებლად მეტაფორათა მთელ რიგს მოუხმობს:

,,გაშალე… ყველა ფურცელი

არის ფოლადის ნაცარი,

დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,

დევკაცთა ნამამაცარი.

გაშალე… ყველა ფურცელი

გულზე ნაწოლი ლოდია’’…

ვფიქრობთ ამ ფრაზებს ბადალი არ მოეპოვება. ,,ქართლის ცხოვრების’’ ტრაგიზმი, ეს ტკივილიანი, სისხლიანი ისტორია ამგვარი სიმძაფრითა და სიცხადით სხვას არავის დაუხატავს, როგორც ეს გიორგი ლეონიძემ მოახერხა. მეტაფორებით გვითხრა სათქმელი, დაგვანახა წარსული, გვაგრნობინა მისი სიმძიმე და მტკივნეულობა.

ექსპრესიულია შემდეგი მეტაფორებიც:

,,ალაზნის ველი – ხოხბის ყელი’’.

„სიყვარულის მზით ჩახჩახებს გული ".

,,მთები… მთები…

ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა’’ .

რა შეედრება შემდეგ პოეტურ სტრიქონებს:

,,ხატი იყავ – ვეფხი დაქალებული’’.

,,ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რზის სული ასდიოდა’’.

,,შორს ალავერდის გედი მიცურავს’’ .

ასე რომ, გიორგი ლეონიძე ხშირად იყენებს მეტაფორას ექსპრესიის გასაძლიერებლად. მისი მეტაფორები გამოირჩევა ორიგინალობითა და გამომსახველობით.

გ) გაპიროვნება

გაპიროვნება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოეტური სახეა, რომელიც გულისხმობს უსულო საგნების გასულიერებას, რაც გამომსახველობას აძლიერებს ფრაზაში ან მთლიანად ლექსში. ამ ხერხს გიორგი ლეონიძე ხშირად იყენებდა თავის პოეზაში.

გოგლა კალმით ხელში ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. გაპიროვნებათა მრავალფეროვნებითა მაღალმხატვრულობით იგი შეიძლება თავისუფლად გავუტოლოთ ვაჟა-ფშაველას. ამის დასტურია შემდეგი მაგალითები:

„მე თავს მიხრიდნენ ქართლის ციხენი

მატიანეში ნახეტიალი".

„სალამს მაძლევენ ალერსით

ტანჯავარ ხეთა რხევანი".

გიორგი ლეონიძე ბუნების არავეულებრივ სურათებს ხატავს. მისი ფრაზები მკითხველის თვალწინ აცოცხლებენ ბუნების მოვლენებს, მოძრაობას, სურნელს, ფერს. ამ ყოველივეს გადმოცემაში ავტორს ყველაზე მეტად სწორედ გაპიროვნება ეხმარება.

„საზანდარმა ღამე ააცახცახა.

,,ტყვე გეზახის მწვანე მხრიდან,

თავქოჩორა რელე;

ტყეს უნდიხარ დიდი ხნიდან,

გიქნევს ათას ხელებს’’.

,,მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს’’.

,,ნიავზე ყანა ქალივით

მოსახვევნად რომ წამოვა’’.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრაზა ერთდროულად შედარებაცაა და გაპიროვნებაც, რაც უფრო ეფექტურს ხდის ნათქვამს.

ისევე როგორც შედარებისა და მეტაფორის, გაპიროვნების მაგალითებიც უხვად გვხვდება გიორგი ლეონიძის შემოქმედება, მაგრამ, ვფიქრობთ, საილუსტრაციოდ ესეც კმარა. ლეონიძის ლექსების უბრალოდ გახსებნებაც კი ნთელყოფს, რომ პოეტი ხშირად ქმნიდა გაპიროვნებებს. ჩვენ, უბრალოდ, შევეცადეთ, დაგვენახა გაპიროვნების სამყარო, რომელიც გოგლას შემოქმედებაში ბუდობს.

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ გიორგი ლეონიძის პოეტური ენა გამოირჩევა მძაფრი ექსპრესიით, რასაც ავტორი აღწევს ტროპის სხვადასხვა სახეების გამოყენებით. სწორედ ამითაა მისი ხელწერა ყველასაგან გამორჩეული, სწორედ ამიტომაა, რომ ლეონიძისეულ ფრაზას განსხვავებული სურნელი სდევს.

,,ო, მას აქეთ ვარ მსურველი,

მტანჯოს დამფერფლოს ძიებამ,

მაფრქვიონ შუქი, სურნელი

პატარძეულის იებმა".

და მართლაც, გიორგი ლეონიძე თითქოს მთელი ცხოვრება რაღაცას ეძიედა, რათა უფრო მძაფრად გადმოეცა ნანახი და ნაგრძნობი, რათა ზედმიწევნით ზუსტად დაეხატა გარემომცველი თუ შინაგანი სამყარო; ეძიებდა და პოულობდა კიდეც.

,,ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში, შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.

ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი, ბარდნარ-ჭალებიანი, ჯალჯიან-შამბნარიანი…

იქ რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკას!’’ – წერს გიორგი ლეონიძე და ჩვენ, მისი შემოქმედების სიღრმეების ხილვით გაოგნებულებს, ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ, როგორც თავად იტყოდა, ,,ოქროს მდნობელ’’ პოეტს.
კატეგორია: წიგნები | ნანახია: 2163 | დაამატა: giorgikvala3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ავტორიზაცია
ბროუზერები


ძებნა
TOP
ონლაინ რადიო

K V A L A Create a free website with uCoz