ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს", რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.
სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.
ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე" ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ. და ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.
ამ მრავალმხრივ საქმიანობასთან ერთად ილია არ ივიწყებდა მწერლობას. მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემები, მოთხრობები, წერილები, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს. მაგრამ საქართველოს მხოლოდ მოყვრები როდი ჰყავდა. საქართველოს ფარული თუ აშკარა მტრები ილია ჭავჭავაძესაც მტრობდნენ.
ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან საგურამოს მიემგზავრებოდა, წიწამურთან მათ წინ გადაუდგნენ შეიარაღებული პირები და თოფები ეტლში მყოფთაკენ მიმართეს. ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა: „რას სჩადით? ილია ვარო". „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო", - უპასუხნიათ ჯალათებს და სროლა აუტეხიათ. ილია და მისი მოურავი იქვე გარდაიცვალნენ, ხოლო ოლღა მძიმედ დაიჭრა.
ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა საქართველოს მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო", ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი. გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისათვის. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.