ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის" თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.
ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის" ბრალდებით.
რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.
1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები" პოეტს „პოლიტიკური შეცდომების" გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის". ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.
დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა". ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.
ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული" ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს" ხელს არავინ უმართავდა.
1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.
1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის" რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში", „მნათობში", „ლიტერატურულ გაზეთში", „პიონერში" და სხვ.
1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში", აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.
1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.
ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.