კუნძული როდოსი ეგეოსის ზღვაში მდებარეობს.
მრავალი საუკუნის განმავლობაში როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ.წ.V საუკუნეში იგი დაიპყრო მასზე ძლიერმა ათენმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ.წ.IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება მათ დაუკავშირეს მზის ღმერთ ჰელიოსს და გადაწყვიტეს მადლიერების ნიშნად მისთვის მანამდე არნახული ძეგლი აეგოთ. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც.
ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.
ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.
როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.