რაზიკაშვილთა ლიტერატურული ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო და ნიჭიერი წარმომადგენელია ცნობილი საბავშვო მწერალი, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების დაუღალავი შემკრები და მოამაგე თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი.
თედო რაზიკაშვილის საყმაწვილო მოთხრობები, მისი სოციალური და ეროვნული გრძნობით გამსჭვალული ლექსები სისტემატურად ქვეყნდებოდა 90-იანი წლების ქართულ სალიტერატურო პრესაში და მკითხველთა შორის ფართო პოპულარობით სარგებლობდა. ამასთან ერთად მის სახელთან დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოსა და მთის მხარეების მდიდარი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრებისა და გამოცემის საქმე.
თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის 1 ნოემბერს სოფელ ჩარგალში. იგი ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა იყო. პავლე რაზიკაშვილის ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თვითონ თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს: "ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა. აბა ქალამნებს კი ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში"...
ყმაწვილი ოჯახში ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების ფანტასტიკაზე, საგმირო სიმღერებსა და ლექსებზე იზრდებოდა. ამ მხრივ დიდი გავლენა ჰქონდათ ფშაველ სახალხო მელექსეებსა და პირადად დედ-მამას, რომლებმაც მოზარდს ხალხური ზეპირისიტყვიერებისა და, საზოგადოდ, პოეზიისადმი დიდი სიყვარული გაუღვიძეს. თედო იგონებს: "მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ-მწერლებისა, აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვალეობად მიაჩნდა. გვიამბობდა მთების პიროფლიანებზე (ე. ი. მთის გმირებზე), აგვიწერდა პოეტურად იმათ ღვაწლს და გვანატრებდა სამშობლოსათვის თავდადებას. "ვეფხისტყაოსანი", გურამიშვილის ლექსები, ი. ჭავჭავაძის "დიმიტრი თავდადებული" ზეპირად იცოდა. ზეპირად იცოდნენ ჩვენმა ბიძაშვილებმაც, რომლებიც მუდამ კვირა იყრიდნენ ჩვენსას თავს, კითხულობდნენ და ზოგიც ფანდურზეც დაჰმღერდა".
განსაკუთრებული კეთილი გავლენა თედოზე, ისევე როგორც ვაჟასა და ნიკოზე, იქონია დედამ - ბარბალე ფხიკელაშვილმა, "დედაჩემი, - წერს თედო, - მდიდარი ფანტაზიის პატრონი იყო. უბრალო რამე ამბავს ისეთი ამბით, ისეთი ფერადებით შეზავებულს გადმოგვცემდა, რომ იხიბლებოდა მსმენელი. ის რო დევებზე ან ეშმაკებზე, მოჯალაფეებზე დაიწყებდა ლაპარაკს, მე სადღაც მოჯადოებულს არსთა სამეფოში გადამიტაცებდა ოცნება და ჩემი თავი თვით მნახველ-გამგონედ მეჩვენებოდა. იცოდა აუარებელი ლექსი და ზღაპარი, ცალკე კაცთა და ქალთა ცხოვრება, ლეგენდები და ამბები ჩვენს მეფეებზედ, უფრო თამარზე და ერეკლეზედ. წაკითხულ-გაგონილსაც თავის გემოვნებაზედ გადააკეთებდა და თავისი დაბალი სასიამოვნო ხმით გვიზუზუნებდა. როცა გვიამბობდა რამე სამწუხარო ამბავს, თანა ტიროდა ხოლმე. თვითონ წერა-კითხვა არ იცოდა. იყო - ბუნებით პოეტი, საშინელი მშვიდობისმოყვარე და უკიდურესობამდე გულკეთილი და უხვი"...
მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე რაზიკაშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა.
პატარა თედოს წერა-კითხვა უფროსმა ძმამ - ნიკომ (ბაჩანამ) შეასწავლა. მალე იგი პირველდაწყებითი განათლების მისაღებად სოფელ ჩარგლის დაწყებით სკოლაში მიაბარეს. როცა თედო მესამე განყოფილებაში გადავიდა, მეფის მთავრობამ ჩარგლის სკოლა დახურა, სკოლის დახურვის მიზეზი ის იყო, რომ ჩარგალში მასწავლებლად დანიშნეს ქართულის უცოდინარი პირი, სოფლელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და შვილები სკოლაში არ გაუშვეს. მასწავლებლის შეცვლის ნაცვლად იმჟამინდელმა ბაუროკრატიულმა მმართველობამ სკოლა დახურა და ბავშვებს განათლების გზა დაუხშო.
სასწავლებლის გარეთ დარჩენილი პატარა თედო საქონელს მწყემსავდა და უფროსებს ეხმარებოდა. მამა აკითხებდა ბავშვს სხვადასხვა წიგნებს, ამასთან მან ხელით გადააწერინა ყმაწვილს საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი და ამით საშუალება მისცა პატარაობაშივე გასცნობოდა სამშობლო ქვეყნისა და ხალხის წარსულ ცხოვრებას.
1882 წელს ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფელში დაინიშნა მასწავლებლად. ვაჟამ უმცროსი ძმა თავისთან წაიყვანა. აქ თედოს შედარებით, კარგი პირობები ჰქონდა სწავლა-განვითარებისთვის. "ეს წელიწადი, - აღნიშნავს თედო რაზიკაშვილი, - ჩემთვინ დიდი ნაყოფიერი იყო. უკვე მეცამეტე წელში ვიყავი. თბილად მეცვა, კარგადა ვჭამდი, საქმე არა მქონდა რა. მთელი ღამეები წიგნების კითხვას ვუნდებოდი".
თედომ გაიჩინა საკუთარი რვეულები, "როგორც მწყურვალ წყალს", ისე ეწაფებოდა წიგნებსა და იმ გაზეთებს, რომლებიც უფროს ძმას მოსდიოდა და თუ რაიმე ლექსსა და პოემას დაინახავდა, იწერდა. თვითონ თედო ამბობს: "ჩემს ძმას გაზეთებიც მოსდიოდა და ამან ხომ სულ გადამრია... არ გამიშვია მას აქეთ გადაუწერავი, სადაც რომ ლექსი დაბეჭდილა, ან პოემა ჩვენი პოეტებისა".
პავლე რაზიკაშვილის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. თედო მეორე ძმამ - ნიკომ წაიყვანა გორში. აქ მან სემინარიასთან არსებულ რუსული სკოლის უკანასკნელ განყოფილებაში ჩააბარა გამოცდები. მალე თედო მოსამზადებელ კლასში მოეწყო, ხოლო იქიდან გორის საოსტატო სემინარიაში გადავიდა, სემინარიის კურსი წარჩინებით დაასრულა 1889 წელს.
გორის საოსტატო სემინარიაში სწავლის დროს თედო აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ამ დროს გორი წარმოადგენდა ხალხოსნური მოძრაობას ცენტრს, ამასთან აქ გაშლილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური საქმიანობა. თედო დაუმეგობრდა შემდგომში გამოჩენილ საბავშვო პოეტ შიო მღვიმელს (ქუჩუკაშვილს), აგრეთვე თავის მასწავლებელს, ცნობილ ხალხოსან მწერალს ნიკო ლომოურს.
სემინარიაში ყოფნის წლებს ეკუთვნის თედოს პირველი პოეტური ცდანი. 1886 წელს დაუწერია ლექსი "მწყემსის სიმღერა" და მოთხრობა "ნიბლია". მწერლობისადმი თედოს სიყვარულს თვალსაჩინო ბიძგი ნიკო ლომოურმა მისცა, რომელმაც თავისი მოწაფე ლიტერატურულ სარბიელზე სამოღვაწეოდ წააქეზა. თვითონ თედო რაზიკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით იგონებდა: "თუმცა არ ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე.რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპატიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის ნ. ლომოურისა. ამაზე მეტი საკეთილო გავლენა არა მგონია კაცმა კაცზედ იქონიოს. ჩემი ველური ბუნება ამისმა ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლო ლიტერატურისათვის სამსახურისა ამან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერთული იმავე მოწიწებას ვგრძნობ ამ ჩემთვის წმინდა კაცის მიმართ".
ნიკო ლომოური და აკაკი წერეთელი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თედო რაზიკაშვილს. მათი შთაგონებითა და მხარდაჭერით თედომ მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა საბავშვო მწერალმა.
სემინარიის დამთავრების ერთი წლის შემდეგ, 1890 წელს ქართველთა, შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თედო რაზიკაშვილი გორის მახლობლად, სოფელ ხელთუბანში დანიშნა მასწავლებლად. თედო ხელთუბანში დასახლდა. აქვე დაცოლშვილდა და გატაცებით შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
ხალხოსანთა იდეებით გატაცებული თედო რაზიკაშვილი ცდილობდა ხალხს დაახლოებოდა, მათ შორის ეტრიალა, ცოდნა და განათლება შეეტანა მათში, დაენახვებინა გაჭირვებისა და უსამართლობის მიზეზები. იგი ესაუბრებოდა გლეხებს, ეხმარებოდა მათ მეურნეობის უკეთ მოწყობის საქმეში, მათთან ერთად იზიარებდა სოფლის ლხენასა და მწუხარებას.
ამავე პერიოდში დაიწყო თედო რაზიკაშვილის ნაწარმოებთა გამოქვეყნება, თედო დაუკავშირდა საყმაწვილო ჟურნალ "ჯეჯილს", რომელშიაც სისტემატურად თანამშრომლობდა და საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა ნორჩ თაობას.
1891 წელს ჟურნალ "ჯეჯილში" გამოქვეყნდა თედო რაზიკაშვილის ლექსი "გუთნის დედის სიმღერა" და სემინარიაში სწავლის დროს დაწერილი პირველი მოთხრობა "ნიბლია". მოთხრობაში ავტორმა ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დახატა პატარა ფრინველის, დედა ნიბლიას ლოდინი, წუხილი და გლოვა, გამოწვეული ამხანაგისა და შვილების დაღუპვით.მოთხრობები: "ნიბლია", "ობობა", "ქორის ბახალა", "მელიას ხრიკები". "ერთი ციყვის თავგადასავალი" გონებას უხსნის მოზარდ მკითხველს და ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის მრავალ საკითხზე.
თ. რაზიკაშვილის ნაწარმოებებში დიდი ყურადღება ექცევა მოზარდთა მორალურ აღზრდას, კეთილი ჩვევების, გონიერების ქადაგებას.
თ. რაზიკაშვილის ნაწარმოებების ენა თავისუფალია კუთხური გამოთქმებისაგან, ისინი ადვილად იკითხება, თხრობა მიმზიდველი და ლაკონურია.
თედო რაზიკაშვილი სიხარულით შეხვდა ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებას, მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლია. მრავალი გეგმა და მიზანი განუხორციელებელი დარჩა.
თედო რაზიკაშვილი ვერაგულად მოკლეს ყაჩაღებმა 1922 წლის 19 იანვარს. იგი დაასაფლავეს სოფ. ხელთუბანში. ერთი თვის შემდეგ მისი ცხედარი ხელთუბნიდან გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში