ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობს თავის ბიოგრაფიას: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე". როგორც ვხედავთ, დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის - პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას. „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით". ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა".