საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ავღანეთში საქართველოს ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმყოფებოდნენ. ქ. ქაბულში ქართული დელეგაცია ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მიიღო. მხარეებმა ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართულ დელეგაციას ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. გენერალ მაკკრისტალის შეფასებით ქართველი სამხედროების მომზადების დონე მაღალია და ამერიკელი და ფრანგი სარდლები მათი მუშაობით კმაყოფილები არიან. გენერალ მაკკრისტალთან შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია ჰელმანდის პროვინციასაც ესტუმრა, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. "ჩვენი დღეს აქ ჩამოსვლის მიზანი იყო გვენახა – როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც ავღანეთშია განლაგებული. ახლა მიმდინარეობს მათ მიერ, მისიის ძირითადი ფუნქციების საკუთარ თავზე აღების პროცესი და როგორც ამერიკელმა გენერლებმა გვითხრეს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი შეიარაღებული ძალებით, იმ ბატალიონით რომელიც აქ მსახურობს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბიჭებიც ძალიან კმაყოფილები არიან იმ გამოცდილებისთვის, რომელსაც ისინი აქ იღებენ და იმ ცოდნისთვის, რომელსაც ისინი აქ შეიძენენ” - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
დელეგაციის წევრები ქართველი სამხედროების საქმიანობას და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, მათი შეფასებით – ქართული არმიის ავღანეთში მყოფი ქვედანაყოფები წარმატებით ართმევენ თავს ურთულესი ოპერაციების შესრულებას, პარტნიორთა უმაღლესი ნდობით სარგებლობენ, მუშაობენ უახლესი ტექნიკით, არიან მხნედ და უდიდეს სამხედრო გამოცდილებას იღებენ. ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში სულ 926 ქართველი მსახურობს. ერთი ასეული (175 სამხედრო) ქალაქ ქაბულში, ხოლო ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაშია განლაგებული. ქაბულში მდებარე ასეულის როტაცია (ექსთვიანი სამსახურის შემდეგ) მაისში განხორციელდა. პირველი ასეულის მიერ შესრულებით მისია უდანაკარგოდ და უმაღლესი შეფასებით დასრულდა.